შვეიცარიული ასოციაცია „Grand Jury Du Vin”-ის ღვინის სიმპოზიუმი საქართველოში უკვე მეორედ იმართება – წინანდლის მამული ყველაზე ცნობილ პროფესიონალებს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონიდან, სომელიეებს, ღვინის ექსპერტებს და ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტებს 4-5 ოქტომბერს მასპინძლობს.
აღსანიშნავია, რომ 1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d’Este-ში, მასპინძლობდა, 2023 წელს კი „სილქ როუდ ჯგუფის“ ინიციატივით და „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით ღონისძიება პირველად გაიმართა საქართველოში, კერძოდ, წინანდლის მამულში და ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.
საქართველოში იმართება მსოფლიოში ალბათ ყველაზე უფრო ელიტარული და პრესტიჟული ღვინის დეგუსტაცია Grand Jury Du Vin ეგიდით. აქ ჩვენ შანსი გვაქვს, ქართული ღვინოები მსოფლიოს წამყვან ღვინოებთან ერთად გაისინჯოს და შეფასდეს მაღალპროფესიონალი, ყველაზე კომპეტენტური ექსპერტების მიერ, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წინანდლის მამულში ღვინის სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლევან დავითაშვილის თქმით, მიმდინარე ღვინის სიმპოზიუმი ის კარგი შესაძლებლობა და პლატფორმაა, რომელიც ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობას, ღვინის კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ამასთან, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ღვინის ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.